როგორ მოვამზადოთ ორაგული ყველაზე მარტივად?

ორაგული მსოფლიოს ყველაზე მოთხოვნადი თევზია და არც თუ ისე უმიზეზოდ.  სასარგებლო თვისებები, მომზადების სიმარტივე, რეცეპტების უსაზღვრო ვარიაცია და რაც მთავარია დაუვიწყარი გემო იდეალური დასაწყისია წყალქვეშა სამზარეულოში სამოგზაუროდ.

მისი გემოვნური მახასიათებელი გულგრილს არავსი ტოვებს, სწორედ ამიტომ ის ბავშვებისთვის თევზის შეყვარების საუკეთესო საშუალებაა.

ორაგული შეიცავს დიდი ოდენობით ცილას და აქვს  ნაჯერი ცხიმების შემცველობა. იგი გაჯერებულია D და B12 ვიტამინებით, რკინით, კალიუმითა და რაც მთავარია Omega 3-ით. მაღალი ცხიმის შემცველობა კი მას განსაკუთრებულ ტექსტურასა და არომატს აძლევს.   საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ ორაგული ამცირებს კარდიო-ვასკულარული დაავადებების, დემენციის, ალცჰეიმერისა და სხვა კოგნიტურ დაავადებათა რისკს, შესაბამისად მისი ჩართვა ჩვენს ყოველდღიურ რაციონში ჯანმრთელობისკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯია.

არ დაგვავიწყდეს, რომ მისი პოპულარობა სასარგებლო თვისებების გარდა, რეცეპტების უსაზღვრო რაოდენობით არის განპირობებული. ის შეგვიძლია გამოვაცხოთ, უმად შევაზავოთ, მარილში გამოვიყვანოთ, შევწვათ ან მოვხარშოთ.

 

1. გამომცხვარი ორაგული ნივრიანი კარაქით

 

თანამედროვე ადამიანებს კულინარიისთვის ბევრი დრო არ რჩებათ, დატვირთული დღის ბოლოს კერძის სწრაფად მომზადება კი, ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.

გამომცხვარი ორაგული არის სწორედ ის მარტივი, გემრიელი და ჯანსაღი ვახშამი, რაც ჩვენს ორგანიზმს ასე ძალიან სჭირდება. კერძის მომზადება ძალიან მარტივია და დიდ ძალისხმევას არ საჭიროებს, უფრო მეტიც, დარწმუნებული ვარ დამწყები მზარეულიც კი მარტივად გაართმევს თავს.

რაც მთავარია არ დაგავიწყდეთ, რომ ამ რეცეპტის მომზადებას მხოლოდ 20 წუთი სჭირდება!

ინგრედიენტები:

  • 4 ნაჭერი ორაგულის სტეიკი;
  • 3 სუფრის კოვზი გამდნარი კარაქი;
  • 2 ჩაის კოვზი ყავისფერი შაქარი;
  • 1 სუფრის კოვზი სოიოს სოუსი;
  • ნახევარი ლიმნის ცედრა;
  • ნახევარი კონა ოხრახუში (შესაძლებელია კამის ან ქინძის გამოყენებაც);
  • 2 კბილი ნიორი;
  • მარილი და პილპილი გემოვნებით.

მომზადების წესი:

  • წინასწარ გავაცხელოთ ღუმელი 200 გრადუსზე.
  • დავალაგოთ ორაგულის ნაჭრები გამოსაცხობ სინზე (ჟარონაზე).
  • პატარა ჯამში ერთდროულად შევურიოთ გამდნარი კარაქი, ყავისფერი შაქარი, სოიოს სოუსი, ლიმნის ცედრა, წვრილად დაჭრილი ოხრახუში, მარილი, პილპილი და დანაყული ნიორი.
  • წავუსვათ ეს მასა ორაგულის ნაჭრებს ორივე მხარეს და ვაცხოთ 10-დან 12 წუთამდე ღუმელში.
  • თუ ჩვენს ღუმელს გრილის ფუნქციაც აქვს, ვაცხოთ დამატებით 3-4 წუთი, სანამ კარგად კარამელიზდება.
  • შევამოწმოთ ჩანგლით - თუ ორაგული მარტივად იფლითება, ესეიგი მზად არის.
  • სერვირებისთვის შეგიძლიათ პიურეს, მოწალული ბროკოლის, სატაცურის ან რაიმე სხვა თქვენთვის სასურველ ბოსტნეულის გამოყენება.

 

2. გრავლაქსი

 

ორაგულის მომზადებისას რთულია სკანდინავიას გვერდი აუარო და ყურადღების მიღმა დატოვო ისეთი თვალსაჩინო აპეტაიზერი, როგორიც გრავლაქსია.

სიმართლე ვთქვათ, გამომცხვარი ორაგულისგან განსხვავებით ამჯერად უფრო მეტი დრო და მოთმინებაა საჭირო, გრავლაქსის მომზადებისას თევზს ჭირდება დამარინადების ორი ეტაპი, რაც ჯამში 48 საათს საჭიროებს, თუმცა თუ ზედმიწევნით მიჰყვებით ჩვენს მითითებებს, ეს რეცეპტი თქვენს ყველა მოლოდინს გადააჭარბებს. მერწმუნეთ, ვერცერთი აპეტაიზერი აჯობებს გახუხულ ნივრიან პურზე გადასმულ შეზავებულ კრემ ყველსა და ციტრუსებსა და ჭარხალში გამოყვანილ გრავლაქსს.

გრავლაქსის მოსამზადებლად სამი მთავარი კომპონენტი დაგჭირდებათ: გრავლაქსი, კრემ-ყველი და ნივრიანი პურები.

გრავლაქსის ინგრედიენტები:

  • 500გრ ორაგულის ფილე;
  • 1 დიდი ჭარხალი;
  • ½ ლიმნის ცედრა;
  • ½ ლაიმის ცედრა;
  • ½ ფორთოხლის ცედრა;
  • 3 ს.კ მარილი (უმჯობესია სუფრის ან ზღვის მარილი);
  • 1 ს.კ ყავისფერი შაქარი;
  • 50 მ.ლ მაღალ პროცენტიანი ალკოჰოლი (არაყი, ჯინი, ტეკილა);
  • 1 კონა კამა;
  • 1 კონა როზმარინი;
  • 3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი.

კრემ-ყველისთვის:

  • 250 გრამი კრემ-ყველი;
  • ½ ლიმნის წვენი;
  • 1 სუფრის კოვზი კაპერსი;
  • 1 კონა კამა (ღერო გაცლილი).

ნივრიანი პურებისთვის:

  • თხლად დაჭრილი ჭვავის ან ნებისმიერი სხვა შავი პური;
  • 100 გრ გამდნარი კარაქი;
  • 4 კბილი ნიორი.

გრავლაქსის მასის მომზადებას სულ 20 წუთი ჭირდება, თუმცა კერძის სრულყოფისთვის ორაგული აუცილებლად უნდა დავაყოვნოთ მაცივარში 48 საათით.

მომზადების წესი:

  • პირველი მარინადისთვის დააბლენდერეთ ჭარხალი, ციტრუსების ცედრა და ალკოჰოლი. მასა გადმოიტანეთ ჯამში და გადაურიეთ მარილი და შაქარი.
  • ორაგულის ფილე დადეთ კანით ქვემოთ და თანაბრად წაუსვით დაბლენდერებული მასა.
  • კარგად შეფუთეთ ფოლგით ან სამზარეულოს პლასტიკით და შედგით მაცივარში 24 საათის განმავლობაში.
  • შემდეგ დღეს გამოიღეთ მაცივრიდან, გაწმინდეთ სამზარეულოს ხელსახოცით, ცივი წყლით გარეცხეთ და კარგად შეამშრალეთ.
  • მეორე მარინადისთვის წვრილად დაჭერით კამა, გააცალეთ ღეროები როზმარინს და შეურიეთ ზეთსა და ალკოჰოლში. გადაანაწილეთ თევზზე და შედგით კიდევ 24 საათით.
  • ამ მარინადს ჩამორეცხვა აღარ ჭირდება. შეგიძლიათ დაჭრათ და მიირთვათ გახუხულ შავ პურთან ან ბეიგელთან ერთად.
  • მოამზადეთ კრემ ყველი: 250 გრამი კრემ-ყველი მოათავსეთ ბლენდერში ½ ლიმნის წვენთან, 1 სუფრის კოვზ კაპერსთან და 1 კონა ღეროგაცლილ კამასთან ერთად. დააბლენდერეთ სანამ კაპერსები და კამა კარგად გაიხსნება კრემყველის მასაში და გადმოიტანეთ ჯამში.
  • მოამზადეთ ნივრიანი პურები: გაადნეთ კარაქი და დაამატეთ ჩაჭყლეტილი ნიორი, კარგად ამოურიეთ მასა და ფუნჯით წაუსვისთ კარაქს. შემდეგ ღუმელში გამოაცხვეთ პური მაღალ ტემპერატურაზე , სანამ არ გაიხუხება.
  • გადავუსვათ გახუხულ ნივრიან პურზე კრემყველი და დავადოთ გრავლაქსი.
  • მაშ ასე, 48 საათიანი ლოდინის შემდეგ შესანიშნავი ნორვეგიული კერძი უკვე თქვენს მაგიდაზეა.

 

3. ორაგულის კატლეტი ავოკადოს სოუსით

 

წინა რეცეპტების მსგავსად, ორგაგულის გამომცხვარ კოტლეტებსაც მინიმალურ ძალისხმევას ჭირდება. თუ სამზარეულოში ჩოპერი გაქვთ, ეს ხელსაწყო კიდევ უფრო გაამარტივებს მომზადების პროცესს, თუმცა ძველებური გზებით, დანით ან ზორცის გასატარებელი მანქანითაც უპრობლემოდ დამუშავდება.

კოტლეტის ინგრედიენტები:

  • 400 გრამი ორაგული;
  • ½ საშუალო ზომის ხახვი - დახეხილი;
  • 1/4 ჭიქა საფანელი;
  • ½ კონა წვრილად დაჭრილი ქინძი;
  • 1 კვერცხის ცილა;
  • 2 კბილი წვრილად დაჭრილი ნიორი;
  • ½ ჩ.კ ორეგანო;
  • ½ ჩ.კ პაპრიკა;
  • მარილი და პილპილი გემოვნებით.

 სოუსისთვის:

  • 1 ცალი მწიფე ავოკადო;
  • 2 სუფრის კოვზი არაჟანი;
  • 1 კბილი წვრილად დაჭრილი ნიორი;
  • 1 ლაიმი;
  • ¼ ჭიქა წყალი;
  • მარილი და პილპილი გემოვნებით.

 სიცხარისთვის შეგიძლიათ დაამატოთ დაღერღილი წიწაკა.

 მომზადების წესი: 

  • გავახუროთ ღუმელი 180 გრადუსზე.
  • ჟარონაზე დავაფინოთ საცხობი ქაღალდი და წავუსვათ ცოტაოდენი ზეთი.
  • ჩავყაროთ ორაგული ჩოპერში და ვაბლენდეროთ იქამდე , სანამ ძალიან წვრილად არ დაიჭრება. შემდეგ კი გადმოვიტანოთ ჯამში.
  • დავამატოთ ორაგულის მასას წვრილად დაჭრილი ხახვი, ქინძი, კვერცხის ცილა, ნიორი, მარილი და სუნელები.
  • შემდეგ კი ხელით ავზილოთ ერთად. თანაბარი პორციებისათვის ავიღოთ 2 სუფრის კოვზი ორაგულის მასა და ხელში დავაბურთაოთ.
  • შემდეგ გადავიტანოთ საცხობ ქაღალდზე და ბურთებს შორის დავტოვოთ თანაბარი დაშორება.
  • ვაცხოთ ბურთები 15-18 წუთის განმავლობაში.
  • გადმოვიტანოთ თეფშზე და მოვასხათ ავოკადოს სოუსი.

 ავოკადოს სოუსი:

  • დაჭერით ავოკადო კუბებად და დააბლენდერეთ იოგურტთან, ნიორთან და ლაიმის წვენთან ერთად.
  • ნელ-ნელა დაამატეთ წყალი სანამ არ მივიღებთ დაახლოებით კეფირის კონსისტენციის სოუსს.
  • დაუმატეთ მარილი და ავოკადოს სოუსი კოტლეტზე მოსასხმელად უკვე მზად არის.

როგორც უკვე ვთქვით, ორაგული საკმაოდ ბევრი კერძის მომზადების საშუალებას იძლევა, ასე რომ ნუ იფიქრებთ, რომ ორაგულის მომზადება მხოლოდ ამ სამი რეცეპტით შემოიფარგლება, ჩვენ ამ თემას აუცილებლად დავუბრუნდებით და ზღვის სხვა პროდუქტებთან ერთად, კარგად გაგაცნობთ ორაგულის კერძების საიდუმლოებებს.

Picture of Delivery Service

Delivery Service

Free Delivery in Tbilisi.

Picture of Our Stores

Our Stores

A. Beliashvili 27
I. Abashidze 21a

Picture of Secure Online Payment

Secure Online Payment

VISA
Mastercard

Picture of Contact

Contact

(032) 2 20 22 88

Webshop@fourseas.ge

You have no items in your shopping cart.